ზამთრის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები თუშეთში
ზამთრის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები თუშეთში
2014 წლის 21 თებერვალს, სოფელ ქვემო ომალოში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანს თუშეთში ზამთრის ტურიზმის განვითარების პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა. შეხვედ-
რას უძღვებოდა ავსტრიელი პროფესიონალი მოთხილამურე, თოვლისა და ზვავსაშიში ადგილების დარგის ექსპერტი - პეტერ შონი, რომელიც თებერვლის დასაწყისში ცხრა დღის განმავლობაში ზამთრის ტურიზმის შესაძლებლობების მოკვლევის მიზნით თუშეთში იმყოფებოდა. მასთან ერთად თუშეთს, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის სპეციალისტი გიორგი ბაკურიძეც სტუმრობდა, რომელმაც ადგილზე გაიარა მომზადება ზამთრის ტურიზმისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებში.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თუშეთში არსებული საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. შეხვედრის დროს ავსტრიელმა ექსპერტმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელშიც აღწერილი იყო სავარაუდო ზამთრის ტურისტული ბილიკები, ასევე ის აქტივობები, რომელთა განხორციელება შესაძლებელია თუშეთის სხვადასხვა სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზე. ესენია: სათხილამურო ტური, იგივე სკი ტური, თოვლის ფეხსაცმელებით გადაადგილება და საფეხმავლო ტურები. გარდა ამისა, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა მიიღეს საჭირო რჩევები, თუ როგორ გააუმჯობესონ საკუთარი სასტუმროების პირობები, ისე, რომ მათ სამომავლოდ ზამთარშიც შეძლონ ვიზიტორების მიღება.
ზამთრის ტურიზმის განვითარება თუშეთში დადებითად იმოქმედებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯოებესების კუთხით, ასევე გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი და მდგრადი განვითარების პრინციპზე დამყარებული ტურიზმის სახეობების დანერგვის თვალსაზრისითაც. აღსანიშნავია, რომ ზამთრის პერიოდში თუშეთამდე მისასვლელი გზა ჩაკეტილია დიდთოვლობის გამო და იგი სრულიად იზოლირებულია გარე სამყაროსგან. შესაბამისად, თუშეთში ზამთარში მხოლოდ რამდენიმე ოჯახი რჩება და ზამთრის პერიოდში მთიდან ბარში მიგრაციის დონე წლიდან წლამდე სულ უფრო მატულობს. იმ შემთხვევაში კი, თუ თუშეთს ვიზიტორები წელიწადის ამ დროსაც ესტუმრებიან, ადგილობრივი მოსახლეობას გარკვეული სტიმული გაუჩნდება, რომ საკუთარი სახლ-კარი ზამთრის განმავლობაში არ მიატოვონ და ჩვეულებისამებრ, მთელი წლის განმავლობაში გააგრძელონ ტურისტების მიღება.
