საქართველოს ბანკთან ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს ბანკთან ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და შავი ზღვის ტერმინალს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შავი ზღვის ტერმინალი იღებს ვალდებულებას ყულევის საზღვაო ტერმინალთან მისასვლელი რკინიგზის მშენებლობის გამო განახორციელოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვით გათვალისწინებული პირობების შესრულების საკომპენსაციო ღონისძიებები. აღნიშნული ღონისძიებების გასატარებლად შექმნილია კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი, სადაც ტერმინალის მიერ საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხები ირიცხება.
2014 წლის 18 თებერვალს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კოლხეთის განვითარების ფონდში ჩარიცხული თანხები განთავსდება აღნიშნული ბანკის ისეთ ანგარიშზე, რომელზედაც მოხდება საპროცენტო სარგებელის დარიცხვა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლიდან, ტერმინალის მიერ ფონდის ანგარიშზე გადარიცხულ თანხას არ ემატებოდა საბანკო სარგებელი; ახალი ხელშეკრულების თანახმად კი, ფონდის სახელზე გახსნილია ორი ანგარიში: როგორც ვადიანი საპროცენტო, ასევე მიმდინარე უვადო გარკვეული პროცენტული სარგებლის დარიცხვის მექანიზმით. სარგებლიდან მიღებული თანხები მიმართული იქნება კოლხეთის დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სხვა, კოლხეთის ადმინისტრაციის განვითარების გეგმების განხორციელებისათვის განკუთვნილი საქმიანობებისათვის.
