რუმინული ორგანიზაცია ProPark-ის სამუშაო ვიზიტი საქართველოში
რუმინული ორგანიზაცია ProPark-ის სამუშაო ვიზიტი საქართველოში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვისთვის შესაძლებლობების გაძლიერების გეგმების შემუშავება“ სამუშაო ჯგუფი ეწვია. აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყანაში ხორციელდება, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა.
პროექტის პირველი ეტაპი სამიზნე ქვეყნებში დაცული ტერიტორიების მართვაში ჩაბმული პერსონალისათვის ტრენინგების საჭიროებების შეფასებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპზე დაგეგმილია ერთი რეგიონული და ორი ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული გეგმის შემუშავება. რეგიონული გეგმის შემუშავების ჭრილში მოლდოვა და რუმინეთი შეირჩა, ხოლო ეროვნულ ჭრილში კი, ხორვატია. აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს მომდევნო სამიზნე ქვეყნის შერჩევის პროცესი.
ამ მიზნით, 2014 წლის 20 მარტს, საქართველოში საქმიანი ვიზიტით პროექტის განმახორციელებელი რგოლის, რუმინული ორგანიზაცია ProPark-ის წარმომადგენლები ეწვიენ. ვიზიტის ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მოეწყო შეხვედრა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე მასპინძლობდა. შეხვედრის მიზანს აღნიშნული პროექტისთვის პოტენციური მეორე ბენეფიციარი ქვეყნის იდენტიფიცირება წარმოადგენდა.
შეხვედრის დროს რატი ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას დაცული ტერიტორიების მართვის სფეროში ეროვნული საჭიროებებისა და განხორციელებული საქმიანობების ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ბენეფიციარ ქვეყნად არჩევის შემთხვევაში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების შესაძლებლობების გაძლიერებისაკენ მიმართული გრძელვადიანი გეგმის მომზადების კოორდინაციაზე დაიწყებს მუშაობას.
