რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, საგრანტო კონკურსის - „ შემოსავლის მომტანი ინიციატივების განვითარების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჯგუფებისთვის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ პროექტ „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“-ს ფარგლებში, გერმანიის მთავრობის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ტექნიკურგანხორციელებას უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია „გოპა“, ხოლო ადგილზე კოორდინაციას - ა(ა)იპ „რაჭა იმერეთის აგრომწარმოებელთა გაერთიანება“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, კერძოდ სოფელ გომსა და ჯინჭვისში მცხოვრებ 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების ჯგუფს. კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 10,000 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

  • საპროექტო განაცხადის ფორმა წერილობით/მატერიალური სახით წარდგენილ იქნას სოფელ ჯინჭვისში, არა უგვიანეს 2025 წლის 29 მაისის 17:00 საათისა.
  • კონკურსის მონაწილემ კონკურსის ჩატარების დღეს, პირადად წარადგინოს საკუთარი იდეა ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე.
  • კონკურსის ჩატარების დღეს თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 30 მაისს სოფელ ჯინჭვისის სარიტუალო დარბაზში 13:00 საათზე. კონკურსის შედეგები ცნობილი იქნება იმავე დღესვე. შეფასების კრიტერიუმები:
  • წარმოდგენილი პროექტი უნდა აუმჯობესებდეს ჯგუფის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას და ხელს უწყობდეს სოფლის მდგრად განვითარებას;
  • წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა უნდა აუმჯობესებდეს ან არ უნდა აზიანებდეს გარემოს;
  • წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს რელიგიური და პოლიტიკური თვალსაზრისით ნეიტრალური;
  • ბიუჯეტში მოყვანილი ხარჯების მოცულობა უნდა იყოს რეალისტური;
  • ბიუჯეტით უნდა იყოს გათვალისწინებული წარმდგენი ჯგუფის 20%-იანი თანამონაწილეობა.
საპროექტო განაცხადი: ბმული