ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ეროვნული პარკის განვითარების საკითხებზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ტერიტორიების განვითარების მნიშვნელობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში. აღინიშნა, რომ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ბილიკების ქსელის მოწყობა და განვითარება. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას, შექმნის ახალ შესაძლებლობებს მცირე ბიზნესის განვითარებისთვის. კერძოდ, ადგილობრივებს შეეძლებათ ვიზიტორებს შესთავაზონ სხვადასხვა ტურისტული მომსახურება, როგორიცაა საცხენოსნო ტურები, გიდის მომსახურება, ტრანსპორტირება და ადგილობრივი პროდუქცია.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დაცული ტერიტორიების განვითარება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში ეკოტურიზმის გაძლიერებისა და რეკრეაციული სივრცეების გაფართოების მიმართულებით. ამავდროულად, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოსისტემების აღდგენას და ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერას.