კონკურსი ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის
კონკურსი ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის
ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში ბუნების კონსერვაციისათვის (TJS), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და რეგიონულ სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობით, ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს სპეციალურ პროგრამას. პროგრამა დაფუძნებულია თანამონაწილეობით პრინციპებზე და ხორციელდება მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის გათვალისწინებით.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 24 თებერვალს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის ჩატარდა კონკურსი, რომელიც მოსახლეობაში სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით დაგროვილი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გამოვლენას ითვალისწინებდა, ეძღვნებოდა რა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თემატიკას. კონკურის საფუძველზე შემოვიდა 26 განაცხადი, საიდანაც დაფინანსდა 10 საუკეთესო იდეა, თითოეული 400 ლარის ოდენობის თანხით. გამარჯვებული პროექტები დაიბეჭდება არასამთავრობო ორგანიზაცია "სტეფანწმინდის" პერიოდულ გამოცემაში და გავრცელდება ადგილობრივ მოსახლეობასა და დაინტერესებული ორგანიზაციების მასშტაბით.
25 თებერვალს კი, კონკურსი ოთხ დიდ სოფელს შორის გაიმართა: სიონი, არშა, ხურთისი და ფხელშე. კონკურსი ითვალისწინებდა აღნიშნული სოფლების მოსახლეობის მიერ საერთო განაცხადის წარმოდგენას, რომელშიც ასახული იქნებოდა სოფლის საერთო ხედვა არსებული საჭიროებების შესახებ. კონკურსის შედეგად ადგილები შემდგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი - სოფელი სიონი სპორტული დარბაზის კეთილმოწყობის პროექტით (8 000 ლარი); მეორე ადგილი - სოფელი ფხელშე სახნავი მოწყობილობის შესყიდვის წინადადებით (3 500 ლარი); მესამე ადგილი - სოფელი არშა ტრადიციული ხელსაქმის აღდგენის ხელშეწყობის პროექტით (2 500 ლარი) და მეოთხე ადგილი - სოფელი ხურთისი მოსახლეობისათვის ელექტრო ცელების შესყიდვის წინადადებით (2 000 ლარი).
კონკურსის ძირითად შესარჩევ კრიტერიუმებს გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი და მდგრადობის პრინციპებზე დაყრდნობილი აქტივობები წარმოადგენდა. ორივე კონკურსი ჩატარდა საჯაროდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.
აღიშნული პროექტი სამომავლოდ კიდევ რამდენიმე მსგავსი სახის კონკურსის ჩატარებას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გარემოსდაცვის პრინციპების გათვალისწინებით. ასევე, დადებით გავლენას მოახდენს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის კუთხით და აამაღლებს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის დონეს მიმდინარე პროცესებში.
