განახლებული საგრანტო ხელშეკრულება კავკასიის ბუნების ფონდსა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის
განახლებული საგრანტო ხელშეკრულება კავკასიის ბუნების ფონდსა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის
2014 წლის 28 თებერვალს, 14:00 საათზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ხელმძღვანელმა დევიდ მორისონმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმახათუნა გოგალაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძემ განახლებულ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პირვანედელი ხელშეკრულება ითვალისწინებდა 2013-2014 წლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადმინისტრაციული ერთეულების ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის 50%-იან დაზღვევას. გაღებული თანხის ოდენობა შეადგენდა 67, 850 ევროს ექვივალენტს ლარებში.
მიმდინარე ეტაპზე კი, განახლებული ხელშეკრულების თანახმად, კავკასიის ბუნების ფონდი ვალდებულებას იღებს დაფაროს ყველა ის საოპერაციო ხარჯი, რმელიც გაღებული იქნება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის 2014 -2016 წლების მანძილზე. ეს ღონისძიებებია: სახელფასო დანამატების გაცემა, ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და აღდგენა, მიმდინარე ხარჯების თანადაფინანსება, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლება და სხვა.
კავკასიის ბუნების ფონდი წლების მანძილზე თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მუშაობის მოტივაციის ამაღლებასა და მათ წახალისებაში.
