დასუფთავების აქცია აჯამეთის აღკვეთილში

დასუფთავების აქცია აჯამეთის აღკვეთილში

დღეს, აჯამეთის აღკვეთილის  ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციის ინიციატორი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციაა. აჯამეთის ნაკრძალი 1946 წელს ჩამოყალიბდა, 2007 წელს მას აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა. აჯამეთის ტყე გამოირჩევა პირვანდელი სახით შემორჩენილი იმერული მუხისა და ძელქვის ძველი კორომებით. აჯამეთის ტყის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს,რომ  სუბტროპიკული შერეული ტყე თავისი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. აჯამეთის აღკვეთილის ფართობი 5117 ჰა - ს შეადგენს.

აქციის ფარგლებში აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორია  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ, აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის დირექტორთან, სოფელ დიმის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაასუფთავა. მოხალისეობრივ აქციაში სკოლის მოსწავლეების ჩართვა ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას  შეუწყობს ხელს.