დაცული ტერიტორიების სააგენტომ და მისმა ტერიტორიულმა ადმინისტრაციებმა, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო კამპანია განახორციელეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ და მისმა ტერიტორიულმა ადმინისტრაციებმა, ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საგანმანათლებლო კამპანია განახორციელეს.
გარემოსდაცვითი მიმართულებით, ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს მასშტაბით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კოლხეთის, ქობულეთის, ჯავახეთის, კინტრიშის, ყაზბეგის, იმერეთის მღვიმეების და სხვა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მიერ, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მოეწყო ლექცია-სემინარები, საველე გაკვეთილები, შემეცნებითი პრეზენტაციები, ეკოტურები, შემეცნებითი ვიქტორინები და სხვა. აღნიშნულ აქტივობებში 600-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო 1996 წლიდან შეუერთდა რამსარის კონვენციას, რომელიც მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ჭარბტენიან ეკოსისტემებს იცავს. დღეს, საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე 4 რამსარის საიტია: კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მადათაფას და ბუღდაშენის ტბები; მათი ფართობი 31 529 ჰექტარია, რაც დაცული ტერიტორიების საერთო ფართობის 3.5%-ს შეადგენს. ეს ტერიტორიები უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით და უდიდეს როლს ასრულებს ეკოსისტემის წონასწორობისა და კლიმატის რეგულირების პროცესში. გარდა აღნიშნულისა, 2021 წლიდან, საქართველოს 2 ჭარბტენიან დაცულ ტერიტორიას: კოლხეთის ეროვნულ პარკს და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, მტირალას ეროვნულ პარკსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებთან ერთად, ნომინაციით „საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“, როგორც მსოფლიო ბუნებრივ მემკვიდრეობას, UNESCO იცავს.
