ავსტრიელი ექსპერტების ვიზიტი იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე
ავსტრიელი ექსპერტების ვიზიტი იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებზე
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის „თვინინგის“ (Twinning) პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 დან 9 მარტის ჩათვლით იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო ვიზიტით ავსტრიელი ექსპერტები - რუდოლფ პავუზა და მარტინ კრალიკი იმყოფებოდნენ.
ვიზიტის მიზანს პრომეთესა და სათაფლიის მღვიმეებში ჰიდროლოგიური აპარატურისა და ნალექმზომების მონტაჟი წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ პრომეთესა და სათაფლიაში, ისევე როგორც სხვა მღვიმეებში განსაკუთრებული მიკროკლიმატის დასაცავად ტემპერატურა მუდმივად 13-14 C -ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. შესაბამისად, ტემპერატურისა და ტენიანობის ზუსტი კონტროლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მღვიმის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისათვის.
ვიზიტის დროს ავსტრიელმა ექსპერტებმა სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეებში ჩაატარეს კვლევა მიკროკლიმატის შემადგენელ ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორებიცაა: ტემპერატურა, ტენიანობა, რადონის კონცენტრაცია ჰაერში, მღვიმეში წყლის ნაკადის გამტარიანობა და სხვა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის განხორციელდა ტრენინგი დამონტაჟებული აპარატურის მართვასა და მიღებული ინფორმაციის დამუშავების საკითხებში.
მომავალში, იმერეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის სპეციალისტები, გარკვეული პერიოდულობით, აღებულ მონაცემებს ავსტრიაში გადააგზავნიან, სადაც ადგილობრივი ექსპერტები მიღებული ნიმუშების საფუძველზე ქართულ მხარეს სათანადო რეკომენდაციებს გაუწევენ.
